ლავროვის ვიზიტის გამო პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერეგი ლავროვის აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის გამო, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. ,,პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა.”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.
“უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობიით. სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედება წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
რუსეთის ფედერაციის მცდელობები საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია ეწინაღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს.

უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისათვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ძაბავს არსებულ ვითარებას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა” და წინ აღუდგეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას.

საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 18-19 აპრილს იგეგმება.

 

ამავე თემაზე:

ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

ციხელაშვილი ლავროვის ვიზიტზე: “საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები

კომენტარები

დატოვე კომენტარი