სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული.
დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.