მამუკა ბახტაძე – მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ

საქართველოის პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

“დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები. აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი