მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, – წერს ბახტაძე.

ბახტაძე წერს, რომ იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

“მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს”, – წერს ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებლად ითვლება.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ამასთან, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი