გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება – შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის.
გთავაზობთ გაზრდილი ჯარიმების ჩამონათვალის ნაწილს, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის გვერდზე:
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით.
5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით; 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად გაოთხმაგებული – 2000 ლარის ოდენობით;
2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა;
დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო – ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით. 2.3 კოდექსის 31-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილიც, რომელიც აწესებს სანქციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსებისათვის. აღნიშნული ცვლილებით ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით.
1 მ 3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება ხდება დასჯადი. თუმცა, პროექტით კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილშიც შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 31-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. შესაბამისად, პირებზე გავლენა იქნება იმ შემთხვევაში, სადაც მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს პირობა იქნება შესრულებული და შესაბამისად, სანქციაც მაგ შემთხვევაში იქნება ამოქმედებული.