მარტვილში რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მხარის რწმუნებული, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ.

პარალელურად, აკადემიასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამო“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია შეიქმნა სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაოებზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ – EIB) და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ – EIB).

2018 წელს აკადემია მოამზადებს 180 ბავშვს. აკადემიის შენობა გასულ საუკუნეში სოფლის კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, ბოლო წლებში კი სოფლის კლუბის ფუნქციას ასრულებდა.

მარტვილის საფეხბურთო აკადემიით უკვე დაინტერესდა თბილისის „დინამო“, რომელიც წლეულს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე: ვარჯიშის შემდეგ კვება, სოფლებიდან ვარჯიშისთვის ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფა, მწვრთნელებისთვის სახელფასო დანამატი და საწევრო გადასახადი. მიმდინარე წელს „დინამო“ დამატებით 56 000 ლარს გამოყოფს მარტვილის აკადემიის კეთილმოწყობისთვის. თანხა დაიხარჯება აკადემიის პირველი სართულის მოსაწყობად: გასახდელი, კვების ბლოკი, სამრეცხაო, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა. რაც შეეხება „დინამო“-ს ბენეფიტს – პერსპექტიულ ბავშვებს კლუბი გადაიყვანს თბილისის აკადემიაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი