მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა დღეიდან განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას განაგრძობს. დღეიდან აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით.

უწყების ცნობით, ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვისცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია.

ამასთანავე, დღეიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი