„მავთულხლართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“ – ბანერი რუხის ციხის კედელზე

“სამოქალაქო მოძრაობის” სამეგრელოს ორგანიზაციის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-ეე წლისთავთან დაკავშირებით საქმოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე რუხის ციხის ქვის კედელზე ბანერი წარწერით „მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“ გამოფინეს.

ციტატა პოეტ ნიკა ლაშხიას ეკუთვნის, რომელიც აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ლექსიდანაა.

„მავნებლები არიან ისინი, ვინ ფიქრობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რეალობა ის არის, რომ დღესაც გადმოსწიეს საოკუპაციო საზღვარი და მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი. ჩვენ ისევ იმის მტკიცებაში ვართ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური განწყობა უნდა გვქონდეს“, – აცხადებს ნიკა ლაშხია.

ლაშხიას ეთანხმება აქციის ორგანიზატორი როსტომ ზარანდია, რომლის თქმით, საქართველოში დღემდე ვერ გარკვეულან იმაში, ვინ დაიწყო ომი.

“საუკუნეებია ომში ვართ და ბოლო ამბიდან 11 წელი გავიდა და დღემდე ვერ გარკვეულა ერი, რუსეთია ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ ჩვენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, – აღნიშნა ზარანდიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ცაბუნია ვართაგავა კი ამბობს, რომ “არსებობენ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და მათი მთვარი მესიჯის ქართულად დაწერაც ამიტომ გადაწყვიტეს.

“ჯერ ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა რომ რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი და შემდეგ შეგვიძლია, დანარჩენ მსოფლიოს გავაგებინოთ ეს ამბავი”, – დასძინა ცაბუნია ვართაგავამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ათასამდე ადამიანი დაიჭრა, ხოლო 50-ზე მეტი ქართული სოფელი განადგურდა, 11 წელი გავიდა.

რუსი სამხედროები დღემდე 100-ზე მეტ ქართულ სოფელს აკონტროლებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი