სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებეას გამოეხმაურა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მცირე ტურბულენციას შეეცდებიან, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმისთვის არსებობს, რომ ეს ქვეყანამ თავიდან აიცილოს.
„მშვიდობიანი დამხობა დაახლოებით ისეთი ოქსიმორონია, როგორც კეთილი სააკაშვილი. ასეთი ხალხის და ასეთ განცხადებებზე კომენტარის სერიოზულად გაკეთება არ შეიძლება. დღეს ეს არ არის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი, მართლაც შეეცდებიან პატარა ტურბულენციას. ჩვენი სამსახური იმისთვის არსებობს, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. არ არის საფრთხე, რომ რაღაც სერიოზული გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს, საფრთხეა მაქსიმუმ იმისა, მცირედით არ დააზიანონ ეკონომიკა, არ გაანერვიულონ ადამიანები. სიტყვა დამხობა არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიტყვის მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინონ, როცა ლაპარაკობენ. მე, როგორც იურისტი, ამას ყურადღებას იმდენად არ მივაქცევდი, როგორც ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ეს უკვე სამომავლო საქმეა. ამ მიმართულებით კვალიფიკაციებთან დაკავშირებით რაიმე გადაჭარბებულ შეფასებებს არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რომ სახელმწიფომ იმუშაოს გამართულად, ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება, პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.