მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

სტიქიის შედეგად მდინარე ენგურის კალაპოტზე შექმნილ პრობლემურ კერებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამგონას, კოკის, ორსანტიასა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად 2, 754, 848 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათოთხმეტი ათას რვაას ორმოცდარვა ) ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას განცხადებით, ,,ძლიერი წვიმების დროს მდინარე ენგურმა შამგონაში, კოკში, ორსანტიასა და ტყაიაში პრობლემები შექმნა, არსებობდა საფრთხე მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მოსახლეობა დაეზარალებინა, თუმცა გამგეობის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის დროული რეაგირების შედეგად ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული”.

“ამ პრობლემის ძირეული მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება, სამუშეობის შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, ეს პრობლემა გადაუდებელ მოგვარებას საჭიროებს და ჩვენი რეაგირებაც შესაბამისად მყისიერია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ნაპირსამაგრების მოწყობისთვის 2, 754, 848 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათოთხმეტი ათას რვაას ორმოცდარვა ) გამოიყო“, – განაცხადა გოგიამ.

ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი