“ქართული ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია სოფელ დიდინეძში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და პროვოკაციული ფაქტების გახშირებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ კანდიდატმა ცოტა ხნის წინ პარტიის ზუგდიდის ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას – ძალადობას. დღეს სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს და სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის სასტიკად ცემეს 19 წლის გოგონას, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა, უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით”, – განაცხადა ქვარაიამ.