მესტიაში ორი ჰიდროელექტრო სადგური აშენდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, ”მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰესების მშენებლობა იწყება. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრნენ.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშველოვანი და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით. რაც შეხება მესტიის რაიონს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა. დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა, მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები. ნებისმიერი ენერგოობიეტის მშენებლობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას დასვენებისთვის, ტურისტებისთვის და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელ შრომაზე, ყველამ თავის ადგილას მასზე დაკისრებული საქმიანობა უნდა შევასრულოთ პირნათლად და ხარისხიანად. ეს იქნება ის ძალა, რაც ჩვენს საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება კი ყველა მოქალაქის, ჩვენი მეგობრების თუ პარტნიორების სურვილია. ვიყოთ ერთიანები ამ მიზნის მიღწევაში და ერთად ვიხილოთ ამ პროგრესის შედეგები.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი