ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი “კანაფის საინფორმაციო კამპანიასთან” დაკავშირებით დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს არავინ მოუსმენს, რადგან საკმარისი ავტორირტეტი არ აქვს.
„შეიძლება იმას ფიქრობს, თუ ვერ გაიმარჯვა, ერთ ლიცენზიას თვითონ აიღებს. ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, იყვნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ – ამას ვიზამ, იმას ვიზამ და იყო ასეთი გამოთქმა: „კრამიტებს რაკა-რუკი არ აუტეხოო“. რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ? თუ იმას ამბობს, რომ „კანაფის საინფორმაციო კამპანიას“ ჩაუდგება სათავეში, მაშინ კანაფის დედოფალი გახდება. არ ვიცი, გახდება თუ არა პრეზიდენტი, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ აუცილებლად გახდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანაფის მოყვანასთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ის თავად ჩაუდგება კანაფის საინფორმაციო კამპანიას სათავეში, რათა მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მიიტანოს.