აშშ-ის მთავრობა მიგრანტების სწრაფი დეპორტაციის დაწყების ინიციატივით გამოდის. ახალი რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი მიგრანტის დაუყოვნებლივ დეპორტაცია მოხდება, რომელსაც არ ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერ დაამტკიცებს, რომ 2 წლის მანძილზე აშშ-ში უწყვეტად ცხოვრობდა.
სწრაფი დეპორტაცია გულისხმობს საიმიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით პროცესის დაწყებას. აღნიშნული გადაწყვეტილება სამშაბათს გამოქვეყნდება.
„ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი“ აღნიშნულის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, არაერთი წინადადებით გამოვიდა, მათ შორის პრეზიდენტს სურს მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის აშენება. გარდა ამისა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საიმიგრაციო კონტროლი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დონალდ ტრამპის კამპანიის მთავარი თემა იქნება.
წყარო: ipn.ge