მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე – სახელმწიფო გაანადგურეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზუგდიდში მომხდარი მოვლენების შედეგად, სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურდა.

„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვასაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქმეც ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარაა სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. რითი არიან დაკავებულები პოლიციის თანამშრომლები და სუს-ი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით”, – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, გუშინ, პოლიცია და სუს-ი „ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

“ეს არის წარმოუდგენელი რამ, ეს არის ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა. ეს არის არამხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა კრიმინალს გაგებით მოვკიდებოდით. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელისუფლებაში რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა. ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც გუშინ მოხდა, მიიღებს ბევრად ურო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს. ჩვენ ამას ყველანი ერთად არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებასა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი