მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიაზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გამონაკლისი გავრცელდება.
კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე პირები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და გარკვეული კატეგორიის პირებისთვის, რომელთან ჯანმრთელეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.
„აგრეთვე არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.