“ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“ გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა.
რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
პრემიაზე 6 კანდიდატი იყო ნომინირებული. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
მამუკა წოწერიამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც მონაწილეებს, ასევე ავსტრიის დელეგაციას.
„მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო და პროფესიულ ასპარეზზე ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ესწრებოდა ავსტრიის პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ის რეფორმები, ის მიზანსწრაფვა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების აღიარებულ იქნა ევროკომისიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორიული შედეგი დეკემბერში გაფორმდება“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
ღონისძიებას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით სტუმრობდა.
“ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია” 2019 წელს, ზუგდიდელმა, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა.
პროექტს მეხუთე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს.
ღონისძიება მუსიკალურად მომღერალმა თამთა ცხვიტავამ გააფორმა.
ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა. ბერტა ფონ ზუტნერი იყო არა მხოლოდ წარმატებული ჟურნალისტი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო თავისი იდეებისა და მშვიდობის გამორჩეული მებრძოლი, ასევე სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებელი.