მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კიდევ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება, რომელსაც კანაფის კონტროლის სააგენტო დაერქმევა.
უწყებას ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები და მისი მიზანი იქნება მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.
დოკუმეტის თანახმად, კანაფის კონტროლის სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; კომეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
უწყება ასევე განახორციელებს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას, ლიცენზიის მქონე პირების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; უზრუნველყოფს მცენარე კანაფის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაზე რეაგირებას და ა.შ.