მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თანამდებობები დატოვეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება, ხოლო ეკონომიკის მინისტრის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე დაასახელა.

საკადროს გარდა, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებიც ხორციელდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი