რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, “ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია”.
პუტინის განცხადებით, რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი.
„სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე.
„სახელმწიფო, სისხლიანი, არაკონსტიტუციური გადატრიალება უკრაინაში. ეს რა არის? ესეც ხომ ქმედებაა ძალის პოზიციიდან და აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან ამ გადატრიალებაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა; მორიდების გარეშე, საჯაროდ თქვეს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვაზე, რომელიც თავს სისხლისმიერად, სულიერად რუსეთთან დაკავშირებულად თვლიდა“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა.
„ჩვენ შევეცადეთ მშვიდობიანი გზით მორიგება. ვითარების გამოსწორება, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, როგორც მათ ახლა უკვე ბრჭყალებში მოვიხსენიებთ და როგორც მოგვიანებით გამოირკვა, გააჩაღეს ეს გადატრიალება მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ უკრაინა იარაღით აევსოთ და გაგრძელებული ეს საბრძოლო მოქმედებები. ბოლოს და ბოლოს, ეს გვაიძულებდა ჩვენ, გვეღიარებინა ამ რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. ჩვენ რვა წელი არ ვაღიარებდით, ვცდილობდით მორიგებას, თუმცა გვაიძულეს, გვეღიარებინა ისინი დამოუკიდებლად. შემდეგ გვაიძულეს, მათთვის დახმარება გაგვეწია, მათ შორის შეიარაღებული მხარდაჭერა, რათა დაგვესრულებინა ომი, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააჩაღეს დასავლეთში და ვისაც ისინი ეყრდნობოდნენ და ეყრდნობიან უკრაინაში, ეს უკიდურესი ნაციონალისტები და ნეონაცისტები არიან“, – განაცხადა პუტინმა.