უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, გაძლიერდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია, პენსიონერებს კი 200 ლარიანი დანამატი დაერიცხებათ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:
თუ ის ვაქცინირებულია სრულად;
ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
გადატანილი აქვს კორონავირუსი.
“მწვანე სტატუსი ექნება ყველა იმ პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი”, — განაცხადა პრემიერმა.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან ისინი სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ მწვანე პასპორტებით შევლენ. მომუშავე პერსონალზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება.
პრემიერის თქმით, ეს დაწესებულებებია:
კვების ობიექტები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრი, ოპერა, მუზეუმები;
საკონცერტო დარბაზები;
სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები.
მისივე თქმით, ამ დაწესებულებების თაობაზე დეტალური ჩამონათვალი გავრცელდება.
პრემიერის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება სააგიტაციო კამპანია.
რაც შეეხება საპენსიო დანამატს, 8 ნოემბრიდან თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.