“ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს ხმაურიანი სხდომის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს

“ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელი ხმაურიანი სხდომის ოქმის გასაჯაროებას ითხოვს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ განაცხადა, სხდომა დარღვევებით ჩატარდა.

“საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ ფაქტიურად, იძალადა დეპუტატებზე და მუნიციპალიტეტების შერწყმის სამთავრობო წინადადების მხარდაჭერის საკითხზე კენჭისყრისას ძალით ააწევინა მათ ხელი. ოქმი სხდომაზე არ შეუდგენია აპარატის უფროსს, ოქმი მოგვიანებით ისეთივე ჩაკეტილ კაბინეტში დაიწერა, როგორშიც ორჯერ გაქცეული შეროზია იჯდა. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში ოქმს, რომლის გასაჯაროებასაც ვითხოვთ”, – აღნიშნა წითლიძემ.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარია კი აცხადებს, რომ არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი და ოქმის შესადგენად უწყებას სამ დღიანი ვადა აქვს, შესაბამისად, ოქმის სხდომაზევე შედგენა კანონით სავალდებულო არ იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი