ნაციონალური მოძრაობა“ მზადყოფნას გამოთქვამს, „კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ“ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით. ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ“.
„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.
ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.