„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის კორიდორს აღარ მოაწყობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აღარ მოაწყობს, თუმცა პარტიის გადაწყვეტილებით, იქნება წერტილოვანი პროტესტი.

კირკიტაძე მათ ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც 31 ოქტომბერს მოვიდა და მისი არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოუწიათ არაერთი ბარიერის გადალახვა იმისათვის, რომ საარჩევნო ურნამდე მიეღწიათ. ეს ადამიანები მოვიდნენ და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ასე არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში და არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, გამჭირვალე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა ჩვენ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დააგროვა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრა და აპირებს ამის გაგრძელებას 21-შიც. ამიტომ, ჩვენ, ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ ფარსში. კიდევ ერთხელ, ღრმა პატივისცემას ვუფიქსირებთ ყველა ამომრჩეველს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და არც ხელის შეშლას იმ პროცესისას, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს საქართველოში არჩევნებს. ჩვენი ბრიფინგი ეხმიანება იმ სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახდენს, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, მეორე დღიდან, რაც ცნობილი გახდა ამ ფარსის შესახებ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მეორე ტურებში არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას. გულწრფელად ვისურვებდი, რომ საქართველოში ჩატარებულიყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ აღარასდროს, არც ერთ კანდიდატს აღარ ჰქონდეს სურვილი, რომ მონაწილეობა არ მიიღოს მეორე ტურებში… მინდა ამომრჩეველმა იცოდეს, მიუხედავად ჩვენი ამ განცხადებისა და ჩვენი საჯარო პოზიციისა, ბიულეტენში მაინც იქნებიან ის კანდიდატები დაფიქსირებული, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და მოვუწოდებთ მათაც, რომ თავი შეიკავონ ამ ფარსში მონაწილეობისაგან, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს არჩვენებს“, – განაცხადა კირკიტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი