„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე პროცესების საპროტესტოდ „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები, სხვადასხვა შეძახილებით რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელი მსვლელობა სოლიდარობის აქციაა, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
მათივე თქმით, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია რუსული მხარე და საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ასევე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პატრულის ეკიპაჟები.