ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება.
„ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.
მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.