ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა დღეს თანამდებობიდან გადააყენეს. სხდომაზე საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმეგ წავიდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, პიროვნული დაპირისპირება არ ყოფილა და გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ თოდუას მმართველი გუნდისგან განსხვავებული ხედვები გააჩნდა, თუმცა კონკრეტულად რა საკითხებს ეხებოდა ეს ხედვები, ნატალია შეროზიას არ დაუკონკრეტებია.
“პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს. მისი ხედვები და ამოცანები იყო განსხვავებული ჩვენი ხედვებისგან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენმა გუნდმა ერთობლივად გადაწყვტია, საკრებულოს მუშაობის უფრო ეფექტურად განსახორციელებლად, მიგვეღო ეს გადაწყვეტილება… ხშირ შემთხვევებში მისგან განსხვავებული აზრების დაფიქსირებისთვის გადავწყვიტეთ ასე”, – აცხადებს შეროზია.
“ევროპულ საქართველოში” კი მიიჩნევენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნისმაგალითია, რის გამოც საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
“ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა, მათ არ სურთ მმართველობაში ჰყავდეთ ისეთი ნომინალური თანამდებობის პირებიც კი, როგორიც თოდუა იყო, მათ სურს ყველაფერი ერთ ვიწრო პარტიულ ჭრილში მოაქციონ და ყველაფერი მხოლოდ ერთი კაცის ნება-სურვილს ემსახურებოდეს. ეს არის პოლიტიკური უსინდისობა, მათ ვერ წარმოადგინეს არგუმენტები და პირდაპირ აღიარეს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ხედვების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ ფარსს მხარს ვერ დავუჭერდით, იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე თოდუა ჩვენი ოპონენტი იყო”, – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან ბათლომე შელია.
თავად გიორგი თოდუა კი ამბობს, რომ მისი გადაყენება რამდენიმე ადგილობრივი ჩინოვნიკის სურვილი იყო, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
“თვითმმართველობაში რამდენიმეწლიანი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის მქონდა განსხვავებული მოსაზრებები სხვადსხვა საკითხებთან დაკავშირებით. ზუგდიდელებმა კარგად იციან, ყოველთვის ვიყავი მომხრე საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონდე საკითხებზე საჯარო განხილვები ყოფილიყო, მოქალაქეების ჩართულობის საფუძველზე მიგვეღო გადაწყვეტილება. ეტყობა, ერთ-ორ ადგილობრივ ჩინოვნიკს ეს არ აწყობდა და ჰქონდათ სურვილი, ასე დასრულებულიყო ეს ყველაფერი, როგორც დღეს დასრულდა. ამით არაფერი დასრულებულა, გრძელდება ცხოვრება, ბრძოლას ვაგრძელებთ იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიუბრძოდით”, – აცხადებს თოდუა
შეგახსენებთ, რომ გიორგი თოდუა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო, ოქტომრის არჩევნების შემდეგ კი პარტია დატოვა და მოღვაწეობა უპარტიო დეპუტატის სტატუსით განაგრძო. თოდუა არჩევნებში საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას მონაწილეობის და გამარჯვების შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. რამდენიმე კვირის წინ კი საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია, რის შემდეგაც თოდუა კვლავ მოადგილის პოსტს დაუბრუნდა, თუმცა არც ერთ პარტიაში არ გაწევრიანებულა.