ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერის განცხადებით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობრლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დიდი პატივია, დავბრუნდე თბილისში. ჩვენ საუკეთესო მდგომარეობაში ვიმყოფებით ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვვალსაზრისით. ივლისის სამიტზე ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც 2008 წელს გაიმართა, ჩვენ წევრობის მოსამზადებლად და ამ პროცესის წარმართვაში დაგეხმარებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს სხვადასხვა გზებით საერთო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. თქვენ ავღანეთის ოპერაციაში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი შემომტანი ხართ. საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას სხვადასხვა მისიებში.

მოხარული ვარ, რომ ამ თვეში მონაწილეობას ვიღებ საქართველო-ნატო-ს კომისიის მუშაობაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ 3 ოქტომბერს, საქართველო-ნატო-ს კომისიის შეხვედრას ვგეგმავთ თავდაცვის მინისტრების დონეზე. ეს გვაჩვენებს დინამიური პროცესების განვითარების მაღალ დონეს საქართველოსა და ნატო-ს შორის. საქართველო წლების ვანმავლობაში თამაშობს წამყვან როლს დიალოგის გაღრმავებაში და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში ნატო-საქართველოს შორის. თქვენ შედეგებს აღწევთ რეფორმების, ეკონომიკური განვითარების, უფრო მეტად უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით.

მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მოძრაობა ამ მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ინტეგრაციას ალიანსთან. ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელშიც მოვიაზრებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. მოუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები თქვენი ქვეყნიდან. ჩვენ, ასევე შეშფოთებულნი ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო მშენებლობით. შავი ზღვის აუზი პრიორიტეტი გახლავთ ნატო-სთვის, ისევე, როგორც საქართველო.

მინდა დავესესხო დავით დონდუას, რომ ჩვენ ერთად გაცილებით უფრო მჭიდროდ ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვავარჯიშებთ საქართველოს სასაზღვრო დაცვის ჯგუფს, ერთობლივ ტრენინგებს ვატარებთ, ასევე ვაღრმავებთ საქართველოს საზღვაო და ნატო-ს საზღვაო ცენტრებს შორის თანამშრომლობას. ნატო და საქართველო გაცილებით უფრო ახლოს არიან, ვიდრე მანამდე, ვაგრძელებთ ერთად მუშაობას”, – განაცხადა გიოტმიოლერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი