ნიკა მელიას პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს.

საკითხზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი. პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი