ნიკა მელიას საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საცხოვრებლის დატოვება აეკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო. გირაოს თანხად განისაზღვროს 30 000 ლარი, რომლის შეტანის ვადად დადგინდეს 20 დღე.

ბრალდებულ ნიკანორ მელიას აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მასვე დაეკისროს საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების უფლება“, – განაცხადა მოსამართლემ.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი