საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და კომპანია „Funday Entertainment“-ის ორგანიზებით, ცნობილი ნიგერიელი მომღერალი Nneka საქართველოს ეწვევა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, Nneka-ს კონცერტი, სახელწოდებით – “Walking to Tbilisi“ 12 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ნიგერიელი ჰიპ-ჰოპის, რეგისა და სოულის შემსრულებელი ნეკა ლუსია ეგბუნა მუსიკალურ სფეროში 2003 წლიდან მოღვაწეობს. იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. მომღერლის რეპერტუარში გამორჩეულია სიმღერა “Walking”, რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 6 მილიონამდე ნახვა აქვს. Nneka-ს შემოქმედებას საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ორგანიზატორების თქმით, სწორედ ამან განაპირობა მისი საქართველოში ჩამოყვანა.