საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია “უკანონო მიგრაციის ორგანიზების” “ბრალდებით”.
უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს კი ე.წ.-მა “სასამართლომ” 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა” მიუსაჯა და ახლა ისინი ე.წ. “აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში” იმყოფებიან.
სუს-მა ინფორმაცია უკვე მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ოტობაიაში მცხოვრები მოქალაქეების გასათავისუფლებლად.