ომის საფრთხე არსად წასულა – კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის.

„უფრო მეტიც, შესაძლოა, ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის – ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ, ევროპის და მეორე მხრივ, რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი