მოსკოვში 80 წლის ასაკში ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ტენორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში დაიბადა.
1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.
მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.