ოპოზიცია 25 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებაზე შეთანხმდა

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალ ისინი ერთად შეიკრიბებიან 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ, აქციის დასრულების შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დაიწყებენ, რათა დეპუტატებმა შემდეგ დღეს პარლამენტში შესვლა და მუშაობა ვერ შეძლონ.

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, თუმცა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ე.წ. გერმანული მოდელი, თუ რა ფორმით შეიძლება დაინერგოს ის საქართველოში.

ოპოზიციის აქტივისტები რამდენიმე დღეა მართავენ აქციას „მაინც დაგაბოქლომებთ“. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ. 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ყველა მხარეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

18 ნოემბერს აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი