რუსეთში პაატა ბურჭულაძის კონცერტში მონაწილეობის ფაქტს, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, პაატა ბურჭულაძისგან განმარტებას ითხოვს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მიუღებელია.
“ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ძალიან ვწუხვარ და, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მსგავსი რამ ყოველთვის მიუღებელია -პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა. ძალიან ვწუხვარ და მე ვითხოვ განმარტებას მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე“, -აღნიშნა ვაშაძემ.
აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიოა. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმღერებს თუ იცეკვებს პუტინთან მოსკოვში, ეს ქვეყნის ზურგში დარტყმის ტოლფასია.
„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, რადგან ის მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან კიდევ უფრო მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. ბურჭულაძე იყო პოლიტიკოსი. ის არის რაღაც მხრივ ერთ-ერთი სახე საქართველოსი, მათ შორის ამ კულტურის სფეროში. ამიტომ, მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის გრანდ ჰოლის სცენაზე, ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ იმღერა. კონცერტი, დირიჟორ იური ტემირკანოვს ეძღვნებოდა. ღონისძიებას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა და იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.