ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველ გუნდს უვადო მოსამართლეობის კენჭისყრის საშუალებას არ აძლევენ.
ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ ოხანაშვილს მიუთითა, რომ იურიდიული კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა სასესიო კვირაში.
“მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი”, – მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.
თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტს ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და კენჭისყრის გადადება მოითხოვა.
ამასთან, მანდატურები ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დარბაზის დატოვებას აიძულებენ.
ინციდენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ანრი ოხანაშვილის დაპირისპირებას მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა არაერთხელ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ დაატოვებინეს მანდატურებმა ჟურნალისტებს კომიტეტის დარბაზი ძალისმიერი მეთოდებით, პასუხი არ გაუცია.