ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებს სასახლესთან მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
“ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. პასუხი ამ შეთავაზებაზე, არ იყო. პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი. ჩვენთან ერთად არის სიმართლე იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან ერთად არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს-ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
პარალელურად, პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა.
ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ იყო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი.