ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერ ადგილას, ასე „ოცნებას“ არ ჩავბარდები – გახარია

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიუსელში „ევროსკოპის“ კითხვებს უპასუხა.

გახარიას კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

„რა თქმა უნდა, ვაპირებ. ჯერჯერობით კიდევ დაგეგმილი მაქვს ვიზიტები აქედან აშშ-ში, შუალედში – დიდ ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, დავბრუნდები. სიმართლე გითხრათ, დღეს რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვრებს გადალახავს. მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც ვარ მზად, რომ ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები. მერწმუნეთ, ჩემი ყოველი დღე არის პოლიტიკური ნაბიჯი. დღეს ისე აღმოჩნდა, რომ ბევრი ხალხი იყო და მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ხშირ შემთხვევაში არც არის ამისი საჭიროება, ეს ეფექტურობასაც ამცირებს. ამიტომ დღევანდელ დღეზე უფრო მნიშვნელოვანი დღეებიც მქონია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ, ყველამ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. თუ აქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ ციხეში“, – განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, ეფექტური იქნება თუ არა მისი დაბრუნება საქართველოში, გახარიამ აღნიშნა:

„ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ, ამ ადამიანებთან“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი