საქართველოს მთავარი პროკურატურა “პალიტრამედიას” სტამბაში შესვლასთან დაკავშირებით განცხაებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ”
“საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს ,,კოლორპაკის“ სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. სასამართლოს განჩინება კომპანიას შესასრულებლად ჩაბარდა მიმდინარე წლის 24 სექტემბერს.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ კომპანიიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს ,,კოლორპაკს“ არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა.
გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.