პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ქრისტეს შობა 25 დეკემბერს აღინიშნოს.
„ჩვენ ვნახეთ „ენჯეოები“, რომლებიც ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ ხალხი არ უნდა თანხმდებოდეს – 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 მაისი თუ 9 მაისი. გახსოვთ, შარშან, ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხს 9 მაისი არც კი მიულოცეს. 300 000 ქართველი დაიღუპა, რომ ევროპა გაეთავისუფლებინათ ფაშიზმისგან, 9 მაისს ჩაატარეს ევროპის დღე ისე, რომ, თავიანთი დაფინანსებული ხალხის გარდა, არავინ დაპატიჟეს, არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს, მადლობა არ გადაუხადეს ქართველებს, რომლებმაც 300 000 ადამიანი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერია მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა.
„ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ვერ შეთანხმდეს – 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი. ყველაფერია მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა. ახალმა ადმინისტრაციამ ეს პოლიტიკა აბსოლუტურად შეცვალა, ამხილა მავნე ჩარევის პრაქტიკა. ევროკავშირი დღეს არის დაკავებული საქართველოში მავნე პრაქტიკით, ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის პრაქტიკით. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა; სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა; სადაც არის ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა/ სამარცხვინოა, თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, „მოლოტოვის კოქტეილთან“. ამას აკეთებენ და სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან. არ გვინდა, რომ ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: 1tv

