ზიზღის კამპანიის უკან დგას უცხოური ფული, მათ შორის ბრიუსელიდან მომდინარე დაფინანსება, რომელზეც ევროკავშირის ელჩს არაერთხელ მივუთითე, მაგრამ არაფერს აკეთებს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩმა კარგად იცის, რომ დაფინანსება მიმართულია სიძულვილის, ძალადობის პროპაგანდისკენ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არცერთი დონორი არ უნდა შეეცადოს პასუხისმგებლობისგან გაქცევას.

„პრობლემა არის არა ამ აქტივისტებში, „ენჯეოებში“ და მათი მედიის წარმომადგენლებში, არამედ მათში, ვინც ზიზღის კამპანიას უკვეთავს. ამის უკან უნდა გავიხედოთ. ესენი ჩვეულებრივი ინსტრუმენტები და მარიონეტები არიან. ამ ზიზღის და სიძულვილის კამპანიის უკან დგას უცხოური ფული და წყაროები პირდაპირ ვიცით. ზიზღის კამპანიის უკან მათ შორის დგას ბრიუსელიდან მომდინარე დაფინანსება, რომელზეც არაერთხელ მივუთითე ევროკავშირის ელჩს, რომელმაც კარგად იცის, რომ რასაც ის აფინანსებს, ეს ფული მიდის სიძულვილის, ძალადობის პროპაგანდაში, მაგრამ არაფერს აკეთებს. როცა არაფერს აკეთებ, ე.ი. ამ ყველაფრის მონაწილე ხარ. ამიტომ დღეის იქით და ამ მხილებების შემდეგ, სიძულვილის, ზიზღის კამპანიასთან დაკავშირებით ყველა კითხვა უშუალოდ დონორებს მიემართება. დონორია პასუხისმგებელი, რასაც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეო“ აკეთებს. ნურცერთი დონორი ნუ შეეცდება ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას. საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლობაა, რომ პასუხი აგონ იმ ფულზე, რასაც ისინი საქართველოში ხარჯავენ. რა თქმა უნდა, მათში ამ პასუხისმგებლობის გაღვივებას არ მოვეშვები, ვიდრე ისინი კეთილსინდისიერად არ მოიქცევიან და ფულს აქეთ-იქით კი არ გააბნევენ და შემდეგ იტყვიან, შედეგზე პასუხისმგებელი არ ვართო, არამედ საკუთარ ქცევაზე აიღებენ პასუხისმგებლობას, როგორც ეს უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა დონორმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, თავდასხმების და ზიზღის კამპანიის ავტორები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა შესახებაც თავად დონორები ან ხმას არ იღებენ ან, რიგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ესარჩლებიან.

„უნდა დავიბრუნოთ ის კულტურა, რომელიც საქართველოში ურთიერთობებში არსებობდა. სინამდვილეში, უცხოური ღირებულებების საფარქვეშ ზიზღი და გათიშვა შემოგვაპარეს. ეს ჩანს კიდეც ამ პროცესების ფონზე, როცა თავდასხმების, ზიზღის და შეურაცხყოფის კამპანიის ავტორები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა შესახებაც თავად დონორები ან ხმას არ იღებენ და ჩუმად არიან, ან რიგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ესარჩლებიან კიდეც.

ამ პროცესით, რომელიც ახლა სიძულვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, პოლიტიკაში და საზოგადოებრივი დისკუსიის პლატფორმაზე ქართული კულტურა უნდა დავაბრუნოთ და უნდა მოვიცილოთ გარედან თავს მოხვეული ზიზღის და სიძულვილის კულტურა, რაც „ენჯეოების“ უცხოეთიდან დაფინანსების გზით დამკვიდრდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი