პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკოსი როცა ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს.
მისი თქმით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის სემინარების თუ სხვადასხვა ღონისძიების სახით.
„არჩევნების წინ ვხედავდით, თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერ ნების ფორმირებაში. სამწუხაროდ, ჩვეულ საქმედ იქცა, რომ ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი მოწესრიგება სჭირდება. ეს საკანონმდებლო პაკეტი ორ საკითხს ეხება. პარტიების დაფინანსებას ეხება. რა თქმა უნდა, უცხოური დაფინანსება აკრძალულია, მაგრამ ერთი სფერო იყო დარჩენილი, რომ უცხო ქვეყანას, ანუ, დონორს შეეძლო, პარტიისთვის უსასყიდლო სემინარებისა თუ პარტიული განვითარების პროგრამებისთვის თანხა გაეღო. ვნახეთ, რომ სქემები იყო, რითიც პარტიების დაფინანსება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ პარტია „დროას“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან შემოვლითი სქემებით აფინანსებდა. ასევე ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ სხვადასხვა ფონდებიდან თანხებს იღებდა. რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვთ. ამიტომ, მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ასეთი სემინარების თუ სხვადასხვა ღონისძიების სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.