საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღო.
2020 წლის 29 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, რომელიც კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო, დღეიდან შეუდგა მუშაობას.
სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც, პირველივე საკითხად პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განიხილა.
საკითხი პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ გამოიტანა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი. მან სწორედ სარედაქციო ხასიათის ცვლილებები გააცნო კოლეგებს, რომლებიც იურიდიული დეპარტამენტთან, სარედაქციო ჯგუფთან ერთად განხილვის საფუძველზე იქნა წარმოდგენილი.
ამგვარად, კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. გარდა ამისა კონსტიტუციური კანონის პროექტით რეგულირდება პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილებასთან, საარჩევნო ბარიერთან და ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტში რამდენიმე ტექნიკური ხასიათის, სარედაქციო ხასიათის ცვლილება იმგვარადაა შეტანილი, რომ არავითარი ფორმით არ იცვლება შესაბამისი ნორმების შინაარსი.
რედაქციული ხასიათის შენიშვნები სხდომაზე არავის ჰქონდა. დასკვნით სიტყვაში ირაკლი კობახიძემ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„დღეს არის ისტორიული კენჭისყრა, თამამად შეიძლება ითქვას და დღევანდელი დღე, დღევანდელი კენჭისყრა იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია, მათ შორის 8 მარტის შეთანხმებით. იმ შეთანხმებით, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის წარდგენისას.