პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2006 წლის ზაფხულში კუდ-მა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გამკაცრებული მეთვალყურეობის დაწესება გადაწყდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ურეკში პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა დაგეგმეს, რაც სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა. ღონისძიება გამაფრთხილებელ აქციას წარმოადგენდა, მისი მიზეზი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო.

თავდასხმამდე კუდ-ის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას პატარკაციშვილის სახლთან მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფების მოხსნა დაავალეს. შამათავამ კი სახლის კომენდანტი მოკლეტექსტური შეტყობინებით გააფრთხილა.

მომხდარის გამო კუდ-ის ხელმძღვანელობამ შამათავას დასჯა გადაწყვიტა. კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი დგებუაძის ორგანიზებით შამათავას უკანონოდ დაკავების გეგმა შემუშავდა, რომლის განხორციელებაშიც ქარდავა, ქოქაშვილი და გამგებელი აქტიურად მონაწილეობდნენ.

„გეგმის რეალიზაციის მიზნით, დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, 2006 წელს შამათავა სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში თ. წ.-მ ამხილა. ფაქტზე შამათავას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი წაუყენეს.

ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-მდე წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დგებუაძე კი ნიდერლანდებში დააკავეს, რის შემდეგ მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდა. მის მიმართ გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად. გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით გრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი