პატრიარქი ირანის სასულიერო პირთა დელეგაციას შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აიათოლა შაჰრისტანი ხელმძღვანელობს.

დელეგაცია თბილისში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქმა იმ თბილი და მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ირანის სასულიერო ლიდერებთან და ამ ქვეყანასთან აკავშირებს.

საუბარი შეეხო მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად რელიგიის განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობასაც, იმ ღირებულებებს, რომელიც უნდა აერთიანებდეს სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს.

აიათოლა შაჰრისტანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო გამორჩეული ქვეყანაა და ის ტრადიცია, რომელიც მან ამ მიმართულებით შექმნა, მსოფლიოსთვის სამაგალითო უნდა გახდეს.

მისივე თქმით, ტერორიზმს რელიგია არ აქვს, ის ანგრევს ურთიერთობებს, უდიდესი ზიანისა და ტკივილის მომტანია ყველასთვის, განურჩევლად რელიგიისა.

სტუმარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის შეფასებისას გამოთქვა. აგრეთვე, იმისათვის, რომ მეგობრობს და თანამშრომლობს საქართველოს მუსლიმებთან.

აღინიშნა ისიც, რომ ამ ქვეყანაში მათი უფლებები დაცულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი