მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, მზად არის ნებისმიერი სასჯელისთვის.
„მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატარო. არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, „შეინანეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“. მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ახლა უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის ან დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
მისივე თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
„სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხონებლად. ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას არსებული პროცესის გასაჯანსაღებლად. მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ, დავემორჩილო სჯულის კანონის ფარგლებში. უწმინდურობას არ დავემორჩილები. სასჯელები დაწყებულია, სერიები დაწყებულია. მე მზად ვარ, ნებისმიერი სასჯელისთვის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა, პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა. იგი სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილა.