სპეციალური პენიტენციური სამსახური მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
უწყების ცნობით, არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ, დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახების წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

