პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები

საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.

პროექტის თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე მთავრობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს მიიღებს. ასევე, დაამტკიცებენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესს და პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს ექნება, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებენ, გარდამავალი პერიოდი წესდება. კერძოდ, მათ განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ 2025 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის 1-ელ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა – 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება კანონის დარღვევაზე მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ და “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლები დაემატება.

პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სანქციის სახით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, სამართალდარღვევის ახალ სახეს წარმოადგენს ასევე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს ქმედების პირველად ჩადენისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო დადგენილ ვადაში სანებართვო/სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.

ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევისთვის. კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობის/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც.

დასჯადი იქნება, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: – რატი იონათამაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი