პოლიტოლოგი: “სრულიად შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში კანდიდატურა მოხსნას”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში აღარ მიიღოს მონაწილეობა და კანდიდატურა მოხსნას.

„რამდენადაც მე მას ვიცნობ, კანდიდატურის მოხსნა სრულიად შესაძლებელია, მისი ხასიათიდან გამომდინარე. პრინციპში პოლიტიკური პრაგმატიკიდან გამომდინარეც, რადგან ყოველდღიურად შანსები მცირდება. იგივე ნარატივშია „ქართული ოცნება“ – მგლის მოსვლის შიშზე უნდათ საარჩევნო კამპანია ააგონ, არაფერს ცვლიან. თითქოს ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღეს, მაგრამ მეორე მხრივ, არაადეკვატურად იგივე ნარატივშია. „ქართულ ოცნებას“ დღეს ხომ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ამარცხებს, „ქართულ ოცნებას“ „ქართული ოცნება“ ამარცხებს, შიგნით ჩაბუდებული ამპარტავნება და სიბრიყვე ამარცხებს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი მმართველ გუნდს კანდიდატურის მოხსნით დაემუქრა, თუმცა თავად კანდიდატს ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ ეთერში დღეს, 20:00 საათზეა დაგეგმილი, რომელზეც გაირკვევა პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის გეგმები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი